საქართველოში ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის ცენტრი ამოქმედდა
საინტერესო ამბები 2018-12-28 1485 ნახვა


საქართველოში ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის ცენტრი ამოქმედდა


ახალი სერვისი ქრონიკული ჭრილობების მქონე პაციენტებისთვის - „საქართველოს კარიტასი" მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს „ქრონიკული ჭრილობების ცენტრში" მკურნალობას სთავაზობს. ცენტრი თანამედროვე სტანდარტის სამკურნალო დაწესებულებაა და პაციენტებს გერმანელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული პერსონალი ემსახურება.

 

 

სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ქრონიკული ჭრილობები მსოფლიო ეპიდემიის სახეს იძენს. ქრონიკულია ჭრილობა, რომელიც დიდი ხნის პერიოდში არ ხორცდება და ის სხვადასხვა დაავადების გართულებით არის განპირობებული. ქრონიკული ჭრილობები საქართველოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორც „საქართველოს კარიტასის" ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი ამბობს, მხოლოდ დიაბეტური ტერფის გართულების გამო ქვეყანაში, სტატისტიკურად, წელიწადში დაახლოვებით 800 შემთხვევა ტერფის ამპუტაციით მთავრდება. მსგავსი შემთხვევები კი არასწორი მკურნალობით არის გამოწვეული. ცენტრის ქირურგი ლაშა ღურწკაია ამბობს, რომ ჭრილობის არასათანადო მკურნალობას შეიძლება მოჰყვეს ჭრილობის დაინფიცირება, წითელი ქარი და სხვადასხვა ინფექციური გართულებები, ამიტომ სწორი მკურნალობა უმნიშვნელოვანესია გართულების თავიდან ასაცილებლად.

„საქართველოს კარიტრასის" მიერ დაფუძნებული „ქრონიკული ჭრილობების ცენტრი" პირველი მიზნობრივი ამბულატორიული დაწესებულებაა, რომელიც უშუალოდ მსგავსი ჭრილობების მკურნალობას ახორციელებს. გაიოზ ყუბენეიშვილის ინფორმაციით, მათი ცენტრი პაციენტებს სთავაზობს ქირურგის კონსულტაციას და შემდგომ მკურნალობას.

ცენტრი უზრუნველყოფს პაციენტების გრძელვადიან მკურნალობას მაშინ როდესაც ეს ხშირად შეუძლებელია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში.

როგორც ცენტრის ქირურგი ლაშა ღურწკაია აღნიშნავს, ქრონიკული ჭრილობა სხვადასხვა დაავადებით არის განპირობებული, ამიტომ ცალკე აღებული მკურნალობა ხშირად შედეგს არ იძლევა საჭიროა აღმოიფხვრას ჭრილობის გამომწვევი მიზეზი. ამიტომ ასეთი ჭრილობის მკურნალობისათვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების მონაწილეობით.

ქრონიკული ჭრილობა ძირითადად, ასაკოვანი ადამიანების პრობლემაა, თუმცა, როგორც ლაშა ღურწკაია ამბობს, მას ვხვდებით ახალგაზრდებშიც. ქირურგი განმარტავს, რომ გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორი მრავალია: ჭარბი წონა, ადინამია, თამბაქოს აქტიური მოხმარება, ქვემო კიდურების ვენების და არტერიების სხვადასხვა სახის დაავადებები, ახალგაზრდებში მძიმე ფორმით მიმდინარე შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული დიაბეტური ტერფი, ასევე ხანგრძლივად ლოგინად ჩავარდნილ პაციენტებში შეიძლება გაჩნდეს ნაწოლებიც.

ცენტრში ჭრილობის მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ხორციელდება. როგორც ლაშა ღურწკაია განმარტავს, მკურნალობის მრავალი თანამედროვე მეთოდი არსებობს და ის ნელ-ნელა საქართველოშიც ინერგება. ქირურგი ამბობს, რომ ბოლო წლების მანძილზე მზარდი პოპულარობა მოიპოვა ჭრილობის მკურნალობის მეთოდმა უარყოფითი წნევით. მრავალი ახალი შესახვევი მასალაა მოწოდებული, რომლებიც ინახავენ ჭრილობის ნოტიო, სტერილურ გარემოს, ახდენენ ჭრილობიდან გამონაჟონის, ლიზირებული და ნეკროზული ქსოვილების აბსორბციას და ამით ხელს უწყობენ ჭრილობების აქტიურად შეხორცებას. თანამედროვე მეთოდებთან ერთად გამოიყენება ჭრილობის დამუშავება-შეხვევის ზოგიერთი აპრობირებული მეთოდიც. საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობასაც.

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 19143-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+8
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 90
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.684
ევრო
3.0458
რუბლი
4.159
ლარი
1