სტივენ კინგი – წვიმის სეზონი
მარიამ მარდალეიშვილი კულტურა 2017-01-13 2317 ნახვა

საღამოს ექვსის ნახევარი იქნებოდა, ჯონ და ელის გრემებმა რომ ბოლოსდაბოლოს უილოუს მიაღწიეს. ეს პატარა ქალაქი მენის შტატში ისე ჩაკარგულიყო, როგორც ყალბი მარგალიტი -ქვიშაში. ჰემსტედ ფლეისიდან ქალაქამდეხუთი მილიც არ იქნებოდა, მაგრამ წყვილს ორჯერ შეეშალა მოსახვევი და ვიდრე მთავარ ქუჩას იპოვიდნენ,დასცხათ და ხასიათი საბოლოოდ წაუხდათ. სენტ ლუისიდან მოდიოდნენ. ,,ფორდის“ კონდიციონერი გზაში გაფუჭებოდათ და მაქანაში ისე ცხელოდა, გეგონებოდა, ასი გრადუსიაო. ,,ცხადია, სულაც არ ცხელა ასე“ - ფიქრობდა ჯონი. მართლაც, იქაურების თქმით, კი არ ცხელოდა, მაღალი ტენიანობა იყო. ჰაერი იმდენად ნოტიო იყო, კაცი იფიქრებდა, რომ მოვინდომო, წყლის წვეთებს ხელით დავიჭერო.მოწმენდილ ცაზეღრუბლის ნასახი არ ჩანდა, მაგრამ ასეთი ნესტი მოსალოდნელი წვიმის ნიშანი იყო. თუმცა, რაღა ,,მოსალოდნელი“, თითქოს უკვე წვიმდა კიდეც.
–აი მაღაზია, მილი ქაზინსი რომ გვეუბნებოდა, –უთხრა ელისმა ქმარს და მაღაზიაზე მიუთითა.
– მომავლის სუპერმარკეტს სულაც არ ჰგავს, – წაიბუზღუნა ჯონმა.
- ნამდვილად არ ჰგავს, - მაშინვე დაეთანხმა ელისი.


ცოლ-ქმარი ფრთხილობდა. თითქმის ორი წლის დაქორწინებულნი იყვნენ და ისევ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ სენტ ლუისიდან ამხელა გზის გამოვლა სახუმარო საქმე არ იყო, განსაკუთრებით, მანქანით, რომელშიც არც რადიო მუშაობდა და, არც კონდიციონერი ირთვებოდა. ჯონიიმედოვნებდა,უილოუში მშვენიერზაფხულს გავატარებთო (ასეც უნდა ყოფილიყო – ხარჯებს ხომ მისურის უნივერსიტეტი იხდიდა!). მაგრამ იცოდა, ერთი კვირა მაინც დასჭირდებოდათ ახალ სახლშიდასაბინავებლად. და თუ ასეთი პაპანაქება დიდხანს გაგრძელდებოდა, შეიძლება, კამათი უმიზეზოდ აეტეხათ.ზაფხულის ასე დაწყება კი არც ერთს უნდოდა და არც - მეორეს.
ჯონი ნელა გაუყვა მთავარ ქუჩას და უნივერმაღისკენ გაემართა. შესასვლელთან ჟანგიანი აბრა ეკიდაცისფერი არწივისგამოსახულებით და ჯონი მიხვდა, ეს ფოსტის ქვესადგურიც იქნებოდა. შუადღის მცხუნვარე მზის ქვეშ უნივერმაღიმშვიდად თვლემდა. აბრასთან, რომელიც იტალიურ სენდვიჩს, პიცას, ბოსტნეულს და თევზჭერის ლიცენზიას სთავაზობდა გამვლელს, ერთადერთი დანჯღრეული ,,ვოლვო” იდგა. მიუხედავად ამისა, მთელ ქალაქთან შედარებით, აქ მაინც სიცოცხლე დუღდა. ფანჯარაში ნეონით განათებული აბრაც კი ციმციმებდა,მიუხედავად იმისა, რომ დაღამებამდე სამი საათი მაინც რჩებოდა. რა გინდა, ესეც პროგრესია, - გაიფიქრა ჯონმა.
– მეგონა, მენი ზაფხულობით დასასვენებელ ცენტრად იქცეოდა ხოლმე, – ჩაილაპარაკა ელისმა.
– იქიდან გამომდინარე, რაც ჯერ–ჯერობით ვნახეთ, უილოუ ტურისტული მარშრუტიდან ცოტა მოშორებით უნდა იყოს, – მიუგო ჯონმა.
მანქანიდან გადმოვიდნენ და ვერანდის კიბეებს აუყვნენ. დაწნულ სარწეველაში ჩალისქუდიანი მოხუცი იჯდა და წყვილს პატარა, ცისფერი თვალებით დაჟინებითშესცქეროდა. კაცი სიგარეტს ახვევდა და თამბაქო მის ფეხებთან გაშოტილ, გაურკვეველი ჯიშისა და წარმოშობის ყვითელ ძაღლს ეყრებოდა, რომელსაც თათები სარწეველას მორკალული ფეხის ქვეშ დაეწყო. მოხუცი ცხოველს ყურადღებას არ აქცევდა, თითქოს საერთოდაც ვერ ამჩნევდა მის არსებობას, მაგრამ ყოველი დარწევისას, სკამის ფეხი ძაღლის თათებიდან ზუსტად მეოთხედი ინჩის დაშორებით ჩერდებოდა დაელისს ვერ გაერკვია, როგორ ახერხებდა მოხუცი, რომ სკამი ძაღლის თათებს არც კი ეხებოდა.
– დღე მშვიდობისა, – მიესალმა მოხუცი წყვილს.
– გამარჯობა, – მიუგო ელისმა და ცალყბად გაუღიმა.
– სალამი, – უპასუხა ჯონმაც, – მე...
– ბატონი გრემი ხართ,–მშვიდად მოუჭრა უცნობმა, – ბატონი და ქალბატონი გრემი. სწორედ თქვენ იქირავეთ ჰემსტედ ფლეისი საზაფხულოდ. თქვენზე გავიგე, რაღაცა წიგნს წერსო.
– დიახ, ფრანგების შიდა მიგრაციაზე მეჩვიდმეტე საუკუნეში, – დაეთანხმა ჯონი, – ახალი ამბავი სწრაფად ვრცელდება, არა?
– კი, ნამდვილად, – კვერი დაუკრა მოხუცმა, –  ხომ იცით, ეს პატარა ქალაქია.
უცნობმა სიგარეტი პირში გაირჭო, მაგრამ  მაშინვე დაეშალა და თუთუნი მასაც ზედ დაეყარა და ძაღლსაც. ცხოველი არ განძრეულა.– ეჰ, ჯანდაბა, – ჩაილაპარაკა მან და დაშლილი ქაღალდი პირიდან გამოიღო, –არაფერია, მაინც მოწევას მიშლის ჩემი ცოლი. სადღაც წაიკითხა და აიჩემა – ორივეს კიბო გაგვიჩნდებაო.
– რაღაცის ყიდვა გვინდოდა ქალაქში, – აუხსნა ელისმა მოხუცს, – ჰემსტედ ფლეისში მშვენიერი ძველი სახლია, მაგრამ პროდუქტები გვჭირდება.
– აჰა,კარგია, რომ შეგხვდით. მე ჰენრი ედენი ვარ, –ხელი გაუწოდა უცნობმა. ცოლ–ქმარმა ფრთხილად ჩამოართვა ხელი, რაზეც მოხუცმა თავი დაუქნია – თითქოს სიფრთხილეს უწონებდა. – ნახევარი საათის წინ გელოდით. ალბათ ერთი–ორი მოსახვევი შეგეშალათ. ერთი ბეწო ქალაქია და ათასი ქუჩაა, – ჰენრი ედენს ყრუ ხველა აუვარდა, რომელიც მწეველის მშრალ ხველაში გადაიზარდა, – ქუჩები მართლა თავზე საყრელად გვაქვს უილოუში, – დასძინა და ისევ სიცილი აუტყდა.
ჯონი მოიღუშა.
– ვითომ რატომ გველოდით?
– ლუსი დუსეტმა დაგვირეკა, უცნობებს გაუვლიათ მის სახლთან, – ედენმა თამბაქოს ქისა ამოიღო, გახსნა და თუთუნის შესახვევად ქაღალდი ამოიღო, – თქვენ ლუსის არ იცნობთ, ქალბატონო, მაგრამ  როგორც თავად ამბობს, მისი ძმის შვილიშვილს უნდა იცნობდეთ.
– მილი კაზინსის დიდ ბებიას გულისხმობთ? – ჩაეკითხა ელისი.
– დიახ, – დაეთანხმა ედენი და თამბაქოს გადმოყრას შეუდგა. თუთუნი ქაღალდზე მოათავსა, თან ნახევარი ძაღლსაც დააყარა ზედ. ის–ის იყო ჯონი დაეჭვდა, ცხოველი მკვდარი ხომ არ არისო, რომ, გეგონება, მისი აზრები წაიკითხა და სამაგიერო გადაუხადაო - ძაღლმა კუდი ასწია და გაზი გაუშვა. ესეც ასე,ცოცხალი ყოფილა, – გაიფიქრა ჯონმა.
– უილოუში თიქმის ყველა ერთმანეთის ნათესავია. ლუსი მთის ძირას ცხოვრობს. მე თვითონ ვაპირებდი თქვენთან დარეკვას, მაგრამ რაკი ლუსიმ გვითხრა აქეთ მოდიოდით...
– საიდან იცოდით, აქ რომ მოვიდოდით? – გაუკვირდა ჯონს.
ჰენრი ედენმა მხრები აიჩეჩა, თითქოს ამბობდა – ,,აბა სხვაგან სად უნდა წასულიყავითო?“
– რამის თქმა გინდათ? – ჰკითხა ელისმა.
– რაღაც უნდა გითხრათ, – მოხუცმა სიგარეტის ქაღალდი დააწება და პირში ჩაიდო. ჯონს აინტერესებდა, ეს ღერიც თუ წინანდელივით დაიშლებოდა. ცოტა თავგზაარეული იყო მთელი ამ ამბებით, ვერ გარკვეულიყო, რა ხდებოდა.
სიგარეტის ღერი რატომღაც არ დაიშალა. სარწეველას სახელურს ქაღალდი მიჰკვროდა და გულისგამაწვრილებლად ჭრაჭუნებდა. ედენმა ასანთი აანთო და პაპიროსს მოუკიდა.
– ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამაღამ ქალაქში არ დარჩებით, – როგორც იქნა ხმა ამოიღო მოხუცმა.
ჯონი გაოცებით მიაშტერდა.
– არ დავრჩებით? კი მაგრამ, რატომ? ეს–ეს არის ჩამოვედით.
– დიახ, მაგრამ მართლაც კარგი რჩევაა, ბატონო, – გაისმა ხმა ედენის ზურგსუკან. მარკეტის ჟანგიან კართან მაღალი, მხრებჩამოყრილი ქალი იდგა.მისი სახე ზუსტად ძველი თუნუქის აბრის ზემოთ მოჩანდა, რომელზეც  ,,ჩესტრფილდის“ რეკლემა გამოესახათ:,,ოცდაერთი შესანიშნავი სიგარეტი ოცდაერთჯერ განცდილი სიამოვნებაა“. ქალმა კარი გააღო და უნივერმაღშიშევიდა. გაყვითლებული, დაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ სულელს არ ჰგავდა. ცალი ხელით პური მოჰქონდა, მეორეში კი ექვსი ქილა ლუდი ეჭირა.
– მე ლაურა სტენტონი ვარ, – გაეცნო ის ცოლ–ქმარს, – სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. არ მინდა, არასტუმართმოყვარენი გეგონოთ, მაგრამ ამაღამ წვიმის სეზონია უილოუში.


გაკვირვებულმა წყვილმა ერთმანეთს გადახედა. ელისმა მაღლა აიხედა. ორიოდე პატარა, ქათქათა ღრუბელს თუ არ ჩავთვლით, ცა მოწმენდილი იყო.
– ვიცი, მზიანი ამინდია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ასე არ არის, ჰენრი? – მიმართა ქალმა მოხუცს.
- დიახ, ქალბატონო,-კვერი დაუკრა ედენმა, მოზრდილი ნაფაზი დაარტყა და სიგარეტის ღერი ვერანდიდან მოისროლა.
- ნესტი ჰაერში იგრძნობა, - თქვა სტენტონმა, - სწორედ ეს არის ნიშანი. ხომ ასეა, ჰენრი?
– კაცმა რომ თქვას, ასეა. მაგრამ უკვე შვიდი წელი გავიდა. იმ დღის შემდეგ, – მიუგო ედენმა.
– სწორედ იმ დღის შემდეგ – დაუდასტურა სტენტონმა.
ორივე მოლოდინით მიაჩერდა გრემებს.
– მაპატიეთ, მაგრამ საერთოდ ვერაფერი გავიგე. ეს რა, აქაური ხუმრობაა? – იკთხა ბოლოს ელისმა.
ამჯერად უკვე ჰენრი ედენმა და ქალმა გადახედეს ერთმანეთს და ზუსტად ერთდროულად ამოიოხრეს, თითქოს, წინასწარ შეთანხმებულიყვნენ.
– როგორ მძულს ეს ყველაფერი, – ისე თქვა ლაურა სტენტონმა, კაცი ვერ გაიგებდა, მოხუცს ეუბნებოდა, თუ საკუთარ თავს.
– გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, – მიუგო ედენმა.
ქალმა თავი დაუქნია და ამოიოხრა, თითქოს მძიმე ტვირთი მოიხსნა და იცის, ახლა ისევ მოუწევს მისი აღებაო.
- ეს იშვიათი შემთხვევაა, - განმარტა მან, - უილოუში წვიმის სეზონი შვიდ წელიწადში ერთხელ მოდის...
- ჩვიდმეტ ივნისს, - ჩაურთო ედენმა, -წვიმის სეზონი შვიდ წელიწადში ერთხელ გვაქვს და ყოველთვის ჩვიდმეტ ივნისს ემთხვევა. თარიღი არასოდეს იცვლება, ნაკიან წელსაც კი. წვიმა მხოლოდ ერთი ღამე გრძელდება, მაგრამ მაინც ,,წვიმის სეზონს“ ვეძახით. ეშმაკმა იცის - რატომ. შენ ხომ არ იცი ლაურა?
- არა, - მიუგო ქალმა, - და კარგი იქნება, თუ აღარ შემაწყვეტინებ ლაპარაკს, ჰენრი. მგონი, სიბერისგან მთლად გამოჩერჩეტდი.
- მაპატიეთ, თემას გადავუხვიე, - მოიბოდიშა აშკარად გაღიზიანებულმა მოხუცმა.
ელისმა ოდნავ შეშფოთებული მზერა ესროლა მეუღლეს - ეს ხალხი დაგვცინის თუ გაგიჟდაო.
ჯონს პასუხი არ ჰქონდა, მაგრამ გულით ნანობდა, რომ ავგუსტაში არ წავიდნენ საყიდლებზე; ვახშმადაც მეჩვიდმეტე გზატკეცილზე რომელიმე სასადილოში წაიხემსებდნენ.
- მისმინეთ, - თავაზიანად განაგრძო სტენტონმა, - ოთახი მოტელ ,,უანდერვიუში’’ დაგიჯავშნეთ, ვულვიჩის ქუჩაზე, თუ წინააღმდეგნი არ ხართ. ადგილები აღარ იყო, მაგრამ სასტუმროს დირექტორი ჩემი ბიძაშვილია და ერთი ოთახი გამომიძებნა. ხვალ კი შეგიძლიათ, დაბრუნდეთ და დარჩენილი ზაფხული ჩვენთან გაატაროთ. სიამოვნებით მიგიღებთ.
- ეს თუ ხუმრობაა, მის აზრს ვერ ჩავწვდი, - თქვა ჯონმა.
- არა, ხუმრობა არ არის, - ქალმა მოხუცს გადახედა, რომელმაც თავი ოდნავ დაუქნია, თითქოს ეუბნებოდა - განაგრძე, არ გაჩერდეო. სტენტონმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარზე გადაიტანა მზერა, თავი გაიმხნევა და განმარტა, - იცით, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ აქ, უილოუში გომბეშოების წვიმა მოდის. აი ასე. ახლა თქვენი საქმისა თქვენ იცით.
- გომბეშოების წვიმა, - გაიმეორა ელისმა შორეული, ჩაფიქრებული ხმით. ვერ გადაეწყვიტა, მართლა ასე თქვა, თუ მომეჩვენაო.
- გომბეშოები, დიახ, - ხალისით დაუდასტურა ჰენრი ედენმა.
ჯონმა ფრთხილად მიმოიხედა, დახმარებას თუ ვიპოვი საჭიროების შემთხვევაშიო. მაგრამ მთავარი ქუჩა ცარიელი იყო. ის კი არა, ყველაფერი საგულდაგულოდ ჩაერაზათ. ერთი მანქანაც კი არ მოძრაობდა ქუჩაში, ძე-ხორციელი არ ჭაჭანებდა ტროტუარზე.
,,შარში ვართ, - გაიფიქრა ჯონმა, - თუ ეს ხალხი მართლა ისეთი შერეკილია, როგორც მათი საუბრიდან ჩანს, მაშინ ჩვენი საქმე აშკარად ცუდადაა“.  თავისდა მოულოდნელად,პირველად თავის ცხოვრებაში, შირლი ჯექსონის მოთხრობა ,,ლატარია“ გაახსენდა.
- სულ არ მინდა, აქ დგომა და სულელივით ლაპარაკი. ჩემს მოვალეობას ვასრულებ, მეც და ჰენრიც. იცით, ერთი-ორი გომბეშო კი არ ჩამოვარდება, ნამდვილი თავსხმა იქნება.
-წავედით, - მიუბრუნდა ჯონი მეუღლეს და ხელი ჩაავლო, - სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, - დასძინა და ელისი ვერანდის კიბისკენ წაიყვანა. არ უნდოდა, ასე ერთბაშად შეექცია ზურგი უცნობებისთვის და ორ-სამჯერ მოხედა მოხუცსა და მხრებჩამოყრილ, გაფითრებულ ქალს.
სტენტონმა მისკენ ნაბიჯი გადადგა. ჯონმა  წაიბორძიკა და ლამის კიბის ბოლო საფეხურიდან ჩამოვარდა.
- ვიცი, ნელია, დაგვიჯეროთ, - დაეთანხმა ქალი, - ალბათ გიჟი გგონივართ.
- სულაც არა, - მიუგო ჯონმა და ისე ნაძალადევად გაიღიმა, ეგონა, პირი ყურებამდე გაეხეოდა. ,,ღმერთო, რა ჯანდაბად წამოვედი სენტ ლუისიდან? რისთვის გამოვიარე თითქმის ათას ხუთასი მილი გაფუჭებული რადიოთი და კონდიციონერით, ფერმერ ჯეკილსა და მისის ჰაიდს რომ გადავყროდი?“
- თუმცა არაუშავს, - განაგრძო ლაურა სტენტონმა და ისეთი უცნაური  სიმშვიდე გაუკრთა ხმასა და სახეზე, რომ ჯონი ფორდიდან ექვსი ფუტის დაშორებით, იტალიური სენვიჩების სარეკლამო აბრასთან შეჩერდა, - არიან ადამიანები, რომელთაც სმენიათ, რომ ბაყაყების, გომბეშოების და ჩიტების წვიმა არსებობს, მაგრამ ისინიც კი ვერ წარმოიდგინენ, თუ რა ხდება უილოუში ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ. და მაინც, გაითვალისწინეთ: თუ დარჩენას აპირებთ, სახლიდან არ გამოხვიდეთ. იქნებ, გადარჩეთ.
- მაგრამ, კარგი იქნება, თუ დარაბებს დახურავთ, - დასძინა ედენმა. ძაღლმა ისევ ასწია კუდი და კიდევ ერთი გრძელი, ხმაურიანი გაზი გაუშვა, თითქოს უნდოდა, ხაზი გაესვა მოხუცის ნათქვამისთვის.
- ჩვენ... ჩვენ ასე მოვიქცევით, - სუსტად წარმოთქვა ელისმა. ჯონმა ფორდის უკანა კარი გააღო და ქალი თითქმის ძალით ჩასვა მანქანაში.
- აუცილებლად, - უპასუხა ედენმა ფართო, ცივი ღიმილით.
- ხვალ კი შემოგვიარეთ, - გასძახა ედენმა ჯონს, რომელიც მანქანაში ჩასაჯდომად თავისი ადგილისკენ მიემართებოდა, - მგონი, ჩვენთან ოდნავ უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს, - მცირე პაუზის შემდეგ კი დასძინა, - თუ ისევ აქ იქნებით, რა თქმა უნდა.
ჯონმა ხელი დაუქნია, საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა.
ვერანდაზე ცოტა ხანს სიჩუმემ დაისადგურა. მოხუცი და გაფითრებული, ავადმყოფური იერის ქალი მთავარ ქუჩაზე მიმავალ ფორდს გაჰყურებდნენ. მანქანა იმაზე სწრაფად მიდიოდა, ვიდრე მოვიდა.
- ასეა თუ ისე, ჩვენი საქმე გავაკეთეთ, - თქვა კმაყოფილმა მოხუცმა.
- დიახ, - დაეთანხმა ქალი, - და სრული იდიოტი მგონია თავი.  ნამდვილი სულელი მგონია ხოლმე თავი, ისე გვიყურებენ. ისე მიყურებენ...
- კაცმა რომ თქვას, ეს მხოლოდ შვიდ წელიწადში ერთხელ ხდება. და სწორად ვიქცევით. რადგან ...
- რადგან ეს რიტუალის ნაწილია, - უპასუხა ქალმა პირქუშად.
- ჰო, ეს რიტუალია.


თითქოს დასტურის ნიშნად, ძაღლმა კუდი ასწია და კიდევ ერთხელ გაუშვა გაზი. 
ქალმა ფეხი ამოჰკრა ძაღლს, დოინჯი შემოირტყა და მოხუცს მიუბრუნდა:
- ამაზე საზიზღარი ძაღლი მთელ ქალაქში არ მოიძებნება, ჰენრი ედენ!
ძაღლი ფრუტუნით წამოდგა, ლაურა სტენტონი უკმაყოფილო მზერით დააჯილდოვა და ვერანდის კიბეებზე ჩაცუხცუხდა.
- რას იზამ, რა მისი ბრალია, - აუხსნა ედენმა ქალს.
სტენტონმა გზას გახედა და ამოიოხრა:
- რა საწყენია... კარგი ხალხი ჩანდა.
- ამას კი მართლა ვერაფერს ვუშველით, - მიუგო ედენმა და ახალი სიგარეტის შეხვევა დაიწყო.
ასე რომ, გრემებს მაინც კაფეში მოუხდათ სადილობა. ვულვიჩის მეზობელ ქალაქში იპოვნეს პატარა სასადილო და პიკნიკის მაგიდას  ცისფერი,ბებერი ნაძვის ქვეშ მიუსხდნენ.  ჯონი ელისის გამხიარულებასცდილობდა, ოხუნჯობდა, მაგრამ - ამაოდ. სასადილო ოდნავაც არ ეხამებოდა, თითქმის სრულიად არ შეესაბამებოდა უილოუს მთავარ ქუჩაზეაღმართულ შენობებს. ავტოსადგომი თითქმის სავსე იყო, მანქანების უმეტესობას კი, მათი მანქანის მსგავსად სხვა შტატების ნომერი ჰქონდა. ნაყინით სახემოსვრილი ბავშვები ერთმანეთს დასდევდნენ, მათი მშობლები კი დასეირნობდნენ, ქინქლებს იგერიებდნენ და შეკვეთის მისაღებად თავიანთ რიგს ელოდნენ. კაფეში საკმაოდ დიდი მენიუ შესთავაზეს.  ფაქტობრივად ყველაფრის აღებაშეეძლოთ, რაც ღრმა კონტეინერში ჩაეტეოდა.
- ამ ქალაქში, მგონი, ორი თვე კი არა, ორო დღეც ვერ გავჩერდები, - მიმართა მეუღლეს ელისმა, - უკვე აღარანაირი ხალისი აღარ მაქვს, ჯონი.
- გაგვეხუმრნენ და ეგ იყო. ტურისტებს რომ ეხუმრებიან ხოლმე მეზობლები - ისე. უბრალოდ, მეტისმეტად შეტოპეს. ალბათ, ახლა ნანობენ კიდეც თავიანთ საქციელს.
- სერიოზულად ლაპარაკობდნენ. როგორ შევხედო თვალებში იმ მოხუც კაცს ამის შემდეგ?
- ამაზე არ ვინერვიულებდი, ხვალ აღარაფერი ემახსოვრება. მისი სიგარეტით თუ ვიმსჯელებთ, ცხოვრების იმ ეტაპს მიაღწია, როდესაც ყველას პირველად ხვდება, თავის ძველ მეგობრებსაც კი.
ელისი შეეცედა, ღიმილი შეეკავებინა, მაგრამ მერე დანებდა და სიცილი აუტყდა:
- რა ბოროტი ხარ!
- გულწრფელი - შეიძლება, ბოროტის კი რა მოგახსენოთ. ვერ ვიტყვი ალცჰაიმერის დაავადება სჭირდა მეთქი, მაგრამ იმ კაცს ისეთი სახე ჰქონდა, იფიქრებდი, სააბაზანოსკენაც კი ვერ გაიგნებდა გზას რუკის გარეშე.
- შენი აზრით, დანარჩენები სად იყვნენ? ქალაქი მიტოვებულს ჰგავდა.
- ალბათ, ლობიოს მიირთმევდნენ ,,გრანჯში“ ან კარტს თამაშობდნენ ,,აღმოსავლეთის ვარსკვლავში“, - მიუგო ჯონმა და გაიზმორა. მერე მის თეფშში ჩაიჭყიტა და უთხრა:
- რაღც ცოტას ჭამ, საყვარელო.
- შენს საყვარელს არ შია.
- გეუბნები, უბრალოდ ხუმრობა იყო-მეთქი, - ხელი მოჰკიდა ცოლს, - სახე ნუ ჩამოგტირის.
- დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ ხუმრობა იყო?
- დარწმუნებული ვარ. აბა, თავად განსაჯე - ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ გომბეშოების წვიმა მოდის უილოუში! გიჟს ბოდვას ჰგავს!
ქალმა სევდიანად გაიღიმა: - წვიმს კი არა, თავსხმა მოდის.
- იცი, ასეთი გამონათქვამი არსებობს: თუ ტყუილის თქმას აპირებ, ბარემ დიდი ტყუილი თქვი. ეს ხალხი ამ აზრზე დგას, მგონი. ნუთუ ბავშვობაში არავის გახუმრებიხარ? ახლაც გაგვეხუმრნენ. მთავარია, გულთან ახლოს არ მიიტანო ეგ ხუმრობა.
- ეგ როგორ?
- როგორ და,თუ შენი წლიური შემოსავლის დიდ ნაწილს დამსვენებლებთან ურთიერთობით შოულობს, დროა, ტურისტების მისაზიდად ზღაპრების გამოგონებაც დაიწყო.
- იმ ქალს ხუმრობის არაფერი ემჩნეოდა. სიმართლე გითხრა, ჯონი, შემეშინდა კიდეც.
ჯონ გრემს ჩვეულებრივ სასიამოვნო სახე გაუმკაცრდა. ეს გამომეტყველება მისთვის უჩვეულო იყო, მაგრამ ამავდროულად ბუნებრივიც ჩანდა, და - გულწრფელიც.
- ვიცი, - თქვა და მაგიდიდან ქაღალდები,  ხელსახოცები და კონტეინერები წამოკრიფა, - და ბოდიშიც უნდა მოიხადონ ამისთვის. გიჟი თავისუფალია, მაგრამ თუეს გიჟი ჩემს ცოლს შეაშინებს - და ჯანდაბა, მეც გავრიანად დამაფრთხობს, - მოთმინების ფიალა ამევსება. აბა, დავბრუნდეთ?
- გაიგნებ გზას?
ჯონი დაიკრიჭა და მაშინვე საკუთარ თავს დაემსგავსა: - რა თქმა უნდა. კვალი დავტოვე პურის ნამცეცებით.
- რა გონივრულად მოქცეულხარ, ძვირფასო, - მიუგო ელისმა და ადგა. ქალი კვლავ იღიმოდა და ჯონს გაეხარდა მის სახეზე ღიმილის დანახვა. ქალმა ღრმად ჩაისუნთქა - მისი ცისფერი ჯინსის კომბინიზონი მკერდთან გამოიბერა - და ამოისუნთქა. - მგონი, ტენიანობამ იკლო.
- აჰა, - კაცმა სადილის ნარჩენები მარცხენა ხელით ისროლა და სანაგვე კალათში ჩააგდო, მერე ელისს თვალი ჩაუკრა და უთხრა: - წვიმიანი სეზონის კვალობაზე, ძალიანაც იკლო.
თუმცა ვიდრე ჰემპსტედ როუდზე შეუხვევდნენ, ტენიანობამ იმატა და თანაც საშინლად სწრაფად.  ჯონს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მისი მაისური წებოვან მასად ქცეულიყო და ტანზე ობობის ქსელივით ეკვროდა. ჩამავალი მზის სხივებით ყვითლად შეფერადებული ცა კვლავ მოწმენდილი იყო, მაგრამ ჯონს ეგონა, პირდაპირ ჰაერიდან დავლევ წყალსო.
გზაზეერთადერთი სახლი შეხვდათ, გორაკის ძირში.გვერდით რომ ჩაუარეს, ჯონმა ფანჯარასთან ქალის სილუეტი დაინახა -  გაუნძრევლად იდგა და მათ უყურებდა.
- აჰა, ესეც შენი დაქალის ბებია, - მოუბრუნდა ელისს, - ალბათ ერთი სული აქვს, როდის დაურეკავს თავის მეგობრებს უნივერმაღში და ჩვენი ჩამოსვლის ამბავს აცნობებ.. აქ ცოტა დიდხანს თუ გავჩერდებით, ჭიკარტებსაც დაგვიდებენ სკამებზე, ბაყაყს ჩაგვისვამენ ჩანთაში ან, ღმერთმა იცის, კიდევ რა გასართობს მოიგონებს ეს ხალხი.
- იმ ძაღლს ნამდვილად ჭიკარტი ჰქონდა გარჭული, - გაახსენდა ელისს.
ჯონს გაეცინა და თავი დაუქნია.
ხუთ წუთში თავიანთ გზატკეცილზე გადაუხვიეს. გზა სარეველებსა და ჯუჯა ბუჩქებს მთლიანად დაეფარა და ჯონმა გადაწყვიტა, ზაფხულის ბოლომდე მოეწესრიგებინა ტრასა. თავად ჰემსტედ ფლეისი მიტოვებული ფერმა იყო, რომლის კედლებსაც არაერთი თაობა გამოეზარდა. სახლის უკან ბეღელი იდგა, მათ შორის კი სამი ფარდული გაბნეულიყო, რომელთაგა ორი მთლიანად დაეფარაცხრატყავას სურნელოვან ბუჩქებს.
ფერდობიდან ქალაქის დიდებული ხედი იშლებოდა, განსაკუთრებით, ისეთ მოწმენდილ ღამეს, როგორიც ახლა იყო. ჯონს გაუკვირდა,ჰაერი თუ ასეთი ტენიანია, ცა რატომ არის ასე მოწმენდილიო. წყვილი მანქანის წინ გაჩერდა, ერთმანეთს წელზე მოხვიეს ხელი და ცოტა ხანს გორაკებს გაჰყურებდნენ, რომლებიც შეუმჩნევლად  ეშვებოდნენ და საღამოს ბინდში იკარგებოდნენ.
- რა ლამაზია, - დაიჩურჩულა ქალმა.
- ყური დაუგდე, - მიუგო ქმარმა.
ბეღელის უკან, ორმოცდაათიოდე იარდის მოშორებით, ლელქაშითა და მაღალი ბალახით დაფარულ ჭაობში ბაყაყების გუნდი კმაყოფილი ყიყინებდა.
- ასეა თუ ისე, ვიცით, რომ აქ ბაყაყები არიან.
- და არა გომბეშოები, - ჯონმა უღრუბლო ცას ახედა, სადაც ვენერა უკვე ცივად ციმციმებდა, - შეხედე, ელის! აგერ იქ! გომბეშოების ღრუბელი!
ქალმა ჩაიკისკისა.
- დღეს პატარა ქალაქ უილოუში,- წამოიწყო ჯონმა, -გომბეშოთა ცივი მასა  შეხვდა ტრიტონთა თბილ მასას. ამის შედეგად...
ელისმა იდაყვი გაჰკრა: - მოდი, შინ შევიდეთ.
სახლში შევიდნენ და პირდაპირ ლოგინისკენ გაემართნენ.
ერთი საათი თუ იქნებოდა გასული, რომ სახურავზე რაღაც ყრუდ დაეცა და ტკბილ  ბურანში გახვეული ელისი გამოფხიზლდა. ქალი იდაყვებზე წამოიწია: - ეს რა იყო,ჯონ?
- მმმ, - მიუგო ჯონმა და გვერდი იცვალა.
გომბეშოები გაიფიქრა ელისმა და გაეცინა. მაგრამ ეს ნერვიული სიცილი იყო. წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. და ნაცვლად იმისა, რომ გაერკვია, რა დაეცა სახურავზე, ცაში აიხედა.
უღრუბლო ცა მილიონობით მოციმციმე ვარსკვლავს დაეწინწკლა და მათი იდუმალი სილამაზით მოჯადოებული ქალი ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა.
ბრახ! - გაისმა ისევ.
ელისი უკან გადახტა და ჭერს ახედა. რაცარუნდა ყოფილიყო, ეს რაღაც ზუსტად მათ ზემოთ დაეცა სახურავზე.
- ჯონ! ჯონი! გაიღვიძე!
- ჰა? რა იყო? - წამოჯდა კაცი, თმა მთლად აჩეჩოდა და ყალყზე ედგა.
- დაიწყო, - თქვა ელისმა და გამყინავი ხმით გაიცინა, - ბაყაყების წვიმა.
- გომბეშოების, - შეუსწორა ჯონმა, - ელი, რას ამ...
ბრახ-ბრუხ...
კაცმა მიმოიხედა და ლოგინიდან წამოხტა.
- სასაცილოა, - მშრალად წარმოთქვა გაბრაზებულმა, - რას ამ ...
ბრახ-ჭახ! - პირველ სართულზე შუშა ჩაიმტვრა.
- დასწყევლოს ღმერთმა, - წამოიძახა ჯონმა, წამოდგა და ჯინსები ამოიცვა, - საკმარისია. ახლა უკვე... მართლა... საკმარისია.
კედელსა და სახურავზერამდენჯემე მოხვდა რაღაც. შეშინებული ქალი მოიკუნტა და ქმარს მიეკრო: ეს რას ნიშნავს?
- ეს იმას ნიშნავს, რომ ის შერეკილი ქალი, სავარაუდოდ, იმ ბებერთან და რამდენიმე მეგობრთან ერთად სახლს რაღაცას ესვრის, - მიუგო მან, - და ახლავე წერტილს დავუსვამ ამ ყველაფერს. შეძლება, ამ პატარა ქალაქში მიეჩვივნენ უცხო ხალხის ასე დაშინებას, მაგრამ...
ტყაპ! ჭახ! - მოისმა სამზარეულოდან.
- ჯანდაბა! - დაიღრიალა ჯონმა და დერეფანში გავარდა.
- არ დამტოვო! - დაუძახა ელისმა და ქმარს აედევნა.
ჯონმა დერეფანში შუქი აანთო და კიბეზე დაეშვა. დარტყმისა და ბრაგუნის ხმა სულ უფრო ხშირად ისმოდა და ელისსმა გაიფიქრა: რამდენი ადამიანი ჩამოვიდა ქალაქიდან? რამდენი ადამიანი დასჭირდება ასეთი ხმაურის ატეხვას? რას ისვრიან? ბალიშისპირებში გახვეულ ქვებს?
ჯონმა კიბე ჩაირბინა და სასტუმრო ოთახში შევიდა. დიდი ფანჯარა,რომლიდანაც მშვენიერი ხედი მოჩანდა, ჩამტვრეული იყო. შუშის ნამსხვრევები ხალიჩაზე ეყარა. კაცი ფანჯრისკენ დაიძრა, უნდოდა, გარეთმყოფთათვის დაეძახა, თოფს გამოვიტანო, მაგრამ შუშის ნამსხვრევებს დახედა და გაახსენდა, ფეხშიშველი იყო. გაჩერდა. ცოტა ხანს არ იცოდა რა ექნა. მერე ნამტვრევზე  რაღაც დალანდა. ალბათ ქვა, რომლითაც, რომელიღაც დებილ ნაბიჭვარს ფანჯარა ჩაემტვრია და, ამ დროს, რაღაც წითელი დაინახა. ის იყო, ფანჯრისკენ უნდა გაქცეულიყო ფეხშიშველი, რომ ქვა გაინძრა.
- ეს ქვა არ არის, - გაიფიქრა მან, - ეს...
- ჯონ? - მიმართა ცოლმა. ახლა უკვე მთელს სახლში ისმოდა ხმაური - თითქოს, დიდი, დამპალი სეტყვის მარცვლები ცვიოდა, - ჯონ, ეს რა არის?
- გომბეშო, - უაზროდ თქვა კაცმა, თითქოს საკუთარ თავს უფრო ეუბნებოდა, ვიდრე ცოლს და თვალს არ  აშორებდა შუშის ნამსხვრევებში მოძრავ ფიგურას.
მერე თავი ასწია და ფანჯრიდან გაიხედა. გარეთ კი ისეთი რამ დაინახა, რომ შიშისა და გაოგნებისგან დამუნჯდა. გორაკებსა და ჰორიზონტს უკვე ვეღარ ხედავდა, ორმოცი ფუტის მოშორებით მდგარ ბეღელსაც კი ძლივს გაარჩევდით. ციდან შავი ფიგურები ცვიოდა.
ჩამტვრეული ფანჯრიდან კიდევ სამი არსება შემოვარდა. ერთი იატაკზე, თავისი მომაკვდავი მეგობრის შორი-ახლოს, შუშის ნამტვრევზე დაეცა და მისი სხეულიდან შავმა სითხემ სქელ ნაკადად ამოხეთქა.
ელისმა იკივლა.
დანარჩენი ორი ფარდებში გაიხლართა. როგორც იქნა, ერთმა გომბეშომ თავი დააღწია ფარდებს, რომლებიც ისე იგრიხებოდნენ, თითქოს ძლიერი ნიავისგან ირხეოდნენ, იატაკზე დაეცა და ჯონისკენ სკუპ-სკუპით გაემართა.
ჯონმა კედელზე ისე მოაფათურა ხელი, თითქოს სხვისი იყო და შუქი აანთო.
არსება, რომელიც მისკენ მიხტოდა, გომბეშოც იყო, და თან არც იყო. მისი მეტისმეტად დიდი, მომწვანო-შავი სხეული ლაურწოს დაეფარა. ოქროსფრად მოელვარე შავი თვალები კვერცხებივით გადმოკარკვლოდა, ხოლო დაფჩენილი პირიდან დიდი, ნემსებივით წვეტიანი კბილები მოუჩანდა.
გომბეშომ დაბალი, მოგუდული ხმით დაიყიყინა და ისე წავიდა ჯონისკენ, გეგონება, წყალში მიხტისო. მის უკან, ფანჯრიდან გომბეშოები ცვიოდნენ. ისინი, რომლებიც იატაკზე ეცემოდნენ, ან მაშინვე კვდებოდნენ, ან დამტვრეულნი ვეღარ ინძრეოდნენ. მაგრამ ბევრი მათგანი, და თანაც, ძალიან ბევრი, ფარდას ებღაუჭებოდა და იატაკზე უსაფრთხოდ ეშვებოდა.
- გადი აქედან! - ჯონმა ცოლს დაუყვირა და გომბეშოს ფეხი დაარტყა, რომელიც - სიგიჟეა, მაგრამ სიმართლე - კაცს უტევდა: მოქნეულ  ფეხს კი არ გაერიდა, პირი სტაცა თითებზე და დაღრეცილი, წვეტიანი კბილები ჩაასო. ჯონს საშინელმა, მწარე ტკივილმა ელვასავით დაუარა მთელს ტანში. გაუაზრებლად შებრუნდა, ფეხი მოიქნია და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, კედელს დაარტყა. იგრძნო, თითები დაემტვრა, მაგრამ ვერც გომბეშო გადაურჩა და სისხლი მარაოსავით ნახევარწრედ დაემჩნა კედელს. კაცს დამტვრეული ფეხის თითები უცნაურად გაფშეკოდა.
ელისს უკვე ყველა კუთხიდან ესმოდა შუშების მტვრევის ხმა.გაუნძრევლად იდგა დერეფანში და ორივე ხელი ჩაევლო ჯონის მაისურის საყელოსთვის ნაჩქარევად რომ ჩაეცვა იმ ღამით.  ყოველი  მხრიდან საზიზღარი ყიყინი ისმოდა.
- გადი აქედან, ელის! - დაუყვირა ჯონმა და მოტრიალდა, თან სისხლიან ფეხს იქნევდა. გომბეშო მკვდარი იყო, მაგრამ თავისი წარმოუდგენლად დიდი კბილები კაუჭებივით ჩაესო ხორცში. კაცმა ფეხი მოიქნია, თითქოს ბურთს ურტყამდა და, როგორც იქნა, გომბეშო მოშორდა.
სასტუმრო ოთახის გაცვეთილი ხალიჩაზე უფორმოარსებები დახტუნავდნენ. და ყველა მათგანი ახალგაზრდებისკენ მიიწევდა.
ჯონი გასასვლელს ეცა. სიჩქარეშიგომბეშოსდააბიჯა,მის ლაურწოზე მოცურდა და კინაღამ დაეცა. ელისმა ჩაბღუჯულ საყელოს თავი ანება,ქმარს ხელი სტაცა დაერთად გაბარბაცდნენ დერეფანში. ჯონმა კარი მიაჯახუნა. ერთი გომბეშო, რომელიც ის იყო მათკენ გადახტა, კარმა მოიყოლა და შუაზე გააპო. მოგლეჯილი ნაწილი იატაკზე დაეცა, იკრუნჩხებოდა, კბილებს კრეჭდა, შავ პირს აღებდა და ხურავდა და გადმოკარკლული, ყვითლად მოელვარე შავი თვალებით წვილს მიშტერებოდა.
ელისმა სახეზე ხელები მიიფარა და ისტერიულად აკივლდა. ჯონმა ცოლის დამშვიდება სცადა, მაგრამ ქალმა თავი გააქნია და ხელიდან გაუსხლტა.
სახურავზე გომბოშოები ტყაპუნით ცვიოდნენ, მაგრამ ეს არაფერი იყო მათ ყიყინთან შედარებით, რადგან ყიყინი სახლში ისმოდა... მთელს სახლში.  ჯონს მაღაზიის წინ თავის სარწეველაში მოკალათებული მოხუცის სიტყვები გაახსენდა: ,,კარგი იქნება, თუ დარაბებს დახურავთ“. ღმერთო, რატომ არ დავუჯერე მოხუცს? - გაიფიქრა მან. მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეს აზრი: როგორ უნდა დამეჯერებინა? ცხოვრებაში მსგავსს ვერაფერს წარმოვიდგენდი!
ამასობაში, გომბეშოები ცვიოდნენ, ხმაურით იჭყლიტებოდნენ და საკუთარ ნაწლავებსა და ლაურწოში ფართხალებდნენ. ამ ხმაურშიც კი შემოესმა ჯონს ავისმომასწავებელი ხმა: სასტუმრო ოთახის კარს გომბეშოები ღრღნიდნენ, ხრავდნენ, ცდილობდნენ, ცოლ–ქმართან მისასვლელი გზა გაეთავისუფლებინათ და მთელი ძალით აწვებოდნენ კარს. ლამის ცახადად დაინახა კაცმა –მათი მიწოლისგან კარი იზნიქებოდა.
ჯონი შეტრიალდა და ცივმა ოფლმა დაასხა: ამ არსებათა მთელი ჯგრო კიბეზე მათკენ მოხტუნავდა.
– ელის! – დაუძახა ცოლს და ხელი ჩაავლო. ქალმა დაიკივლა, კვლავ სცადა, ხელიდან გასხლტომოდა ქმარს და ჯონს მაისურის სახელოღა შერჩა ხელში. ტანსაცმლის ნაგლეჯი ცოტახანს სულელივით ეჭირა, მერე კი ძირს დააგდო.
–ეშმაკმაც წაგიღოს, ელის!
ქალმა ისევ დაიყვირა და უკან დაიხია.
რამდენიმე გომბეშო უკვე  დერეფანში იყო და გაშმაგებით მოხტუნავდა მათკენ. კარზე ამოჭრილი სარკმელი ჩაიმსხვრა და დერეფანში გომბეშო შემოვარდა. არსება ფეხების ფხარკალს მოჰყვა და ვარდისფერი, წინწკლებიანი მუცელი გამოუჩნდა.
ჯონმა ცოლი შეიანჯღრია.
– სარდაფში უნდა ჩავიდეთ. სარდაფში უსაფრთხოდ ვიქნებით!
– არა! – დაიყვირა ელისმა. თვალები უზარმაზარი ორმოებივით გაფართოებოდა და კაცი მიხვდა, სარდაფში ჩასვლაზე კი არ ამბობდა უარს, არამედ ყველაფერს უარყოფდა. ასეა თუ ისე, კაცს რომანტიკისა და ნაზი სიტყვებისთვის არ სცხელოდა, ცოლი მაისურით ჩაბღუჯა და ისე წაათრია დერეფანში, თითქოს პოლიციელი ურჩ დამნაშავეს მიაწიალებდა საპატრულო მანქანისკენ. კიბეზე რომ ჩადიოდნენ, მათ წინ ერთმა გომბეშომ ისკუპა და ნემსივით  ბასრი კბილები ჰაერში გააწკაპუნა ზუსტად იმ ადგილას, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ელისის ქუსლს ეკავა.
დერეფნის ნახევარი რომ გაიარეს, ქალი გონზე მოვიდა და თავისით გაჰყვა ქმარს. სარდაფის კართან შეჩერდნენ. ჯონმა სახელური გადაატრიალა და გამოწია, მაგრამ ძვრა ვერ უყო.
- ჯანდაბა! - დაიყვირა და კიდევ ერთხელ გამოწია კარი. კვლავ უშედეგოდ.
- ჩქარა, ჯონ!
ელისმა უკან მიიხედა და დაინახა, რომ საზარელი არსებები მათკენ მოხტუნავდნენ, უზარმაზარი ნახტომებით ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ, ეხეთქებოდნენ, ვარდისფერ კედლებს ეხლებოდნენ და ერთმანეთს ქელავდნენ - ერთბაშად კბილების, ყვითლად მოელვარე შავი თვალებისა და გაბერილი სხეულების ლაურწოვან მასად ქცეულიყვნენ.
- ჯონ გთხოვ, გეხ ...
გომბეშომ ისკუპა და ელისს მარცხენა ფეხზე, მუხლს ზემოთ ჩააფრინდა. ქალმა დაიკივლა, ხელი ჩაავლო და მთელი ძალით გამოქაჩა. როგორც იქნა, ფეხიდან მოიგლიჯა და მის გადასაგდებად რომ აწია ხელები, ზუსტად თვალწინ დაუდგა საზარელი არსება, რომელიც პირს სასიკვდილო დანადგარივით აღებდა და ხურავდა. ქალმა მთელი ძალით მოიქნია ხელი. გომბეშო რამდენჯერმე გადატრიალდა ჰაერში, სამზარეულოს წინ კედელზე მიესრისა და ძირს კი არ ჩამოვარდა, ასე მიწებებული დარჩა.
- ჯონ! ღმერთო ჩემო, ჯონ!
უცებ, ჯონ გრემი მიხვდა, რომ კარს საპირისპირო მხარეს ექაჩებოდა და მიაწვა. რა თქმა უნდა, კარი გაიღო და კაცი კინაღამ კიბეებზე ჩაგორდა. სულ ერთი წუთით დაფიქრდა, მისი სიკვდილის მერე დედამისს ცოცხალი შვილი თუ დარჩებოდა, მოაჯირს მოეჭიდა და ის იყო, თავი გაიმაგრა, რომ კინაღამ წააქცია ელისმა, რომელმაც ტყვიასავით ჩაიქროლა კიბეებზე.
„ო, ღმერთო, დაეცემა. ნამდვილად დაეცემა და კისერს მოიტეხს ...“
მაგრამ, რაღაც სასწაულით, ქალი გადარჩა. ბოლო საფეხური ჩაათავა და სარდაფის იატაკზე ტირილით დაეცა, თან ჭრილობას ფეხზე ხელს არ უშვებდა.
სარდაფის ღია კარიდან კი გომბეშოები მოხტოდნენ. ჯონმა კიდევ ერთხელ შეიმაგრა თავი, შებრუნდა და კარი მიაჯახუნა. რამდენიმე გომბეშომ მოასწრო, სარდაფში შეხტა და რიკულებს შორის გადავარდა. ერთი გომბეშო თითქმის ვერტიკალურად ახტა ისე სასაცილოდ, რომ ჯონს სიცილი აუტყდა. კაცმა მუშტი მოუქნია და ცხოველი სიბნელეში მოისროლა.
კაცმასიბნელეში ხელი მოაფათურა, კდელზე ჩამრთველი იპოვა და ის იყო სინათლე აანთო, რომ ელისი ისევ აკივლდა. თმაში გომბეშო გახალრთვოდა, რომელიც ყიყინით ფართხალებდა, ქალს კისერზე კბენდა და თმის გორგალივით ტრიალებდა.
ელისი ფეხზე წამოხტა და წრეზე სირბილს მოჰყვა, რაღაც სასწაულის წყალობით უქცევდა გვერდს იატაკზე დახვავებულ ყუთებს. სარდაფის საყრდენ ბოძთან მიირბინა, ზურგით შებრუნდა და თავი ორჯერ, გამეტებით მიარტყა სვეტს. ჯონს მოესმა, რაღაც ყრუდ გასკდა, შავმა სითხემ ამოხეთქა, მერე გომბეშო თმიდან ჩამოცურდა და ქალის მაისურზე შავი ლაქა დატოვა.
ელისმა შეშლილივით იკივლა და ჯონს სისხლი გაეყინა. კიბეები ბარბაცით ჩაირბინა და ცოლს ჩაეხუტა. ქალი თავიდან უძალიანდებოდა, მერე კი დანებდა და მისი ყვირილი თანდათან ტირილში გადაიზარდა.
სახლსა და მიწაზე გომბეშოების დაცემის ხმა თანდათან სარდაფში ჩამოცვენილი არსებების ყიყინმა გადაფარა. ელისი ქმარს მოსცილდა და შეშლილივით მიმოიხედა.
- სად არიან?  - ყვირილისაგან ჩახლეჩილი ხმით დაიხრიალა მან, - სად არიან, ჯონ?
ბევრი ლოდინი აღარ დასჭირვებიათ: გომბეშოები უკვე მონდომებით მოხტოდნენ მათკენ.
წყვილმა უკან დაიხია და ჯონმა კედელზე მიყურებული ჟანგიანი ნიჩაბი დაინახა. ხელი დასტაცა და მოახლოებულ არსებებს დაერია. მხოლოდ ერთი გომბეშო დაუძვრა ხელიდან, ყუთზე ახტა და ელისისკენ ისკუპა. ქალს კბილებით ჩაეჭიდა მაისურზე და მის მკერდთან მოჰყვა ფართხალს.
- არ გაინძრე! - დაუყვირა ჯონმა ელისს, ნიჩაბი გადააგდო, ნაბიჯი გადადგა,  ხელი ჩაავლო გომბეშოს და გამოქაჩა. გომბეშოს მაისურის ნაგლეჯიც წამოჰყვა. მის ხელებში მოქცეული საზიზღარი არსება ფართხალებდა, იგრიხებოდა და ერთ ეშვზე ჩამოკიდებული ქსოვილის ნაგლეჯს აფრიალდებდა. მეჭეჭებიანი, მშრალი და ამაზრზენად თბილი კანი ჰქონდა. ჯონმა ხელი მოუჭირა ცხოველს, გაჭყლიტა და მის თითებს შორის სისხლმა და ლაურწომ გამოჟონა.
სარდაფში კიდევ ათიოდე გომბეშო თუ იქნებოდა და ჯონმა მათაც მალე მოუღო ბოლო. ცოლ-ქმარი ერთმანეთს მიეკრო და გომბეშოების წვიმას ყური მიუგდო.
კაცმა სარდაფის ფანჯრები შეათვალიერა. მიწის დონეზე ამოჭრილი სარკმლები ჩაბნელებულიყო და ჯონმა წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა სახლი გარედან: მოფართხალე, მოხტუნავე გომბეშოებში ჩაფლული.
- ფანჯრები უნდა გავამაგროთ, - წაიჩურჩულა მან, - შუშა მათ წონას ვერ გაუძლებს, გატყდება და თუ ასე მოხდება, სარდაფში ჩამოცვივდებიან.
- როგორ? - წაიხრიალა ელისმა, - რითი გავამაგროთ?
ჯონმა მიმოიხედა და კედელზე მიყუდებული ძველი, ჩაშავებული ფანერის ნაჭრები დაინახა. დიდი ვერაფერი ბედენა იყო, მაგრამ სულ არაფერს, სჯობდა.
- აი, ამით, - მიუგო ქალს, - მომეხმარე, პატარა ნაჭრებად დავამტვრიოთ.
გამალებით მუშაობდნენ. სარდაფის ოთხივე ფანჯარა ძალიან პატარა იყო და სწორედ ამის წყალობით გაძლო შუშებმა უფრო დიდხანს. თითქმის უკვე მორჩენილიყვნენ საქმეს, რომ მინა ჩაიმსხვრა, მაგრამ დაღედებული ფიხარი ჯერ კიდევ უძლებდა.
გრემებმა სარდაფის ცენტრისკენ დაიხიეს. ჯონი საგრძნობლად კოჭლობდა მოტეხილი ფეხის გამო. კიბეებიდან ღრჭიალის ხმა მოისმა - გომბეშოები სარდაფის კარს ხრავდნენ.
- რა გვეშველება, კარები რომ გამოღრღნან? - წაიჩურჩულა ელისმა.
- არ ვიცი, - მიუგო ჯონმა და სწორედ ამ დროს, სანახშირის სარქველმა, რომლითაც წლებია აღარავინსარგებლობდა, გატყდა და სარდაფში ასობით არსება ჩაცვივდა.
ელისმა ამჯერად ვეღარ დაიყვირა. ამდენი კივილისგან ისეთ დღეში ჰქონდა ყელი, რომ ხმას ვეღარ იღებდა.
გრემებს დიდხანს აღარ უწვალიათ, მაგრამ ჯონ გრემი ბოლო წუთამდე  ორივეს ნაცვლად ყვიროდა.

***
შუაღამე იქნებოდა, რომ უილოუში გომბეშოების თავსხმა შესუსტდა და მსუბუქ, ყიყინა წვიმად იქცა.
ორის ნახევარზე მოწმენდილი, ვარსკვლავებით მოჭედილი ციდან უკანასკნელი გომბეშო ჩამოვარდა, ტბის პირას, ფიჭვის ხის გვერდით დაეცა და სიბნელეში გაუჩინარდა. შემდეგი გომბეშოს გამოჩენამდე შვიდი წელი რჩებოდა.
ექვსის თხუთმეტ წუთზე ცაზე მზის პირველი სხივი შემოიპარა. უილოუ გომბეშოთა მოფართხალე, მოძრავ, ყიყინა ხალიჩას დაეფარა. მთავარ ქუჩაზე სახლები უფორმო შენობებს ჰგავდნენ; ყველაფერი დამრგვალებული და დეფორმირებული იყო. გზატკეცილზე გამოდგმული აბრა - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უილოუში, მენის შტატში - ყველაზე მეგობრულ ქალაქში!“ - ისე იყო დახვრეტილი, თითქოს ტყვიამფრქვევით დაეცხრილათ. მაღაზიის წინ ჩამოკიდებული დაფა იტალიური სენდვიჩის, პიცის, ბოსტნეულისა და თევზჭერის ლიცენზიის რეკლამით, ძირს ეგდო და ზედ გომბეშოები დახტოდნენ. ბენზინგასამართი სადგურის ორივე ბაკზე მიტინგი გაემართათ ამ არსებებს.  მაღაზიის სახურავის ფლუგერზე ორი გომბეშო ტრიალებდა, თითქოს ბავშვები დამსხდარიყვნენ კარუსელზე.
მიუხედავად იმისა, რომ უილოუში საბანაო სეზონი ჯერ არ დაწყებულიყო და წელიწადის ამ დროს მხოლოდ ყველაზე გაბედული მცურავები ბედავდნენ წყალში შესვლას,  ტბაში მაინც ჩაეშვათ რამდენიმე ბორანი, რომლებიც გომბეშოებს მთლიანად დაეფარა. თევზები, ამდენი საჭმლის დანახვაზე, გიჟებივით დახტოდნენ. ხანდახან ბორნიდან რომელიმე გომბეშო ვარდებოდა და მაშინვე თევზების წერა ხდებოდა. ქალაქისკენ მომავალი ყველა გზა ამ არსებებს გადაეჭედათ; დენი კარგახანს არ ექნებოდა ქალაქს - ელექტროგადაცემის ხაზები წვიმას დაეზიანებინა. ბაღები მიწასთან იყო გასწორებული, თუმცა უილოუ ვერც მანამდე დაიკვეხნიდა თავისი მეურნეობით. მხოლოდ რამდენიმე მოსახლეს ჰქონდა დიდი ფერმა ფერმა და მათაც უსაფრთხო ადგილას გადაემალათ საქონელი. უილოუს ფერმერებმა კარგად იცოდნენ წვიმის სეზონის შესახებ და სულაც არ სურდათ, მათი მეურნეობა გომბეშოების წერა გამხდარიყო. მერე ზარალის მიზეზს როგორღა აუხსნიდნენ სადაზღვევო აგენტებს!
ჰემსტედ ფლეისში თანდათან ინათა. სახურავსა და საწვიმარ არხში მკვდარი გომბეშოები ეყარა, ეზოში კი ცოცხალი გომბეშოები ფუსფუსებდნენ,  ფარდულში დახტოდნენ, საკვამურებზე დაცოცავდნენ, უინტერესოდ უვლიდნენ გარს ჯონ გრემის „ფორდს“ და ისე ისხდნენ მანქანის წინა სკამებზე, გეგონება,  ეკლესიის მრევლი ელოდა წირვის დაწყებას. მკვდარი არსებები გროვებად იდო სახლის წინ, რომელთაგან ზოგი ექვსი ფუტიც კი იქნებოდა.
შვიდის ხუთ წუთზე ჰორიზონტი მზე ამოიწვერა და მისი სხივების ქვეშ გომბეშოებმა დნობა იწყეს.
ჯერ ფერი დაკარგეს, გათერდნენ და ბოლოს გამჭვირვალენი გახდნენ. მალე სხეულებიდან ორთქლი და უსიამოვნო შმორის სუნი აუვიდათ და წყლის ნაკადულად იქცნენ. ზოგს გადმოეკარკლა თვალები, ზოგს კი - ჩაუცვივდა, იმის მიხედვით, თუ რომელი მხრიდან ხვდებოდათ სხივები. მათი კანი ტკაცუნით სკდებოდა, თითქოს მთელ უილოუში შამპანურის ბოთლებს ხსნიდნენ.
ამის შემდეგ გახრწნის პროცესი სწრაფად წავიდა და თეთრი წყლის გუბეებად იქცნენ, რომელიც ძალიან ჰგავდა ადამიანის სპერმას. პატარა ნაკადულები წვეთავდა ჰემსტედ ფლეისის სახურავიდან და ნაძვებიდან.
ცოცხალი გომბეშოები დაიხოცნენ, მკვდრები, უბრალოდ, თეთრ გუბეებად იქცნენ, რომელსაც მიწა ისრუტავდა. ნიადაგს ორთქლი ასდიოდა და ცოტა ხანში უილოუს ყველა მინდორი ჩამქვრალ ვულკანს დაემსგავსა.
რვის ნახევრისთვის ყველაფერი დასრულდა. დარჩა მხოლოდ სარემონტო სამუშაოები, რომელსაც ქალაქის მკვიდრნი შეჩვეულნი იყვნენ.
ასეა თუ ისე, ეს არცთუ ისე დიდი საფასური იყო, შვიდწლიანი მშვიდი ცხოვრების სანაცვლოდ მენის ამ თითქმის ყველასგან მივიწყებულ, მიყრუებულ მხარეში.
ცხრის ნახევარზე ლაურა სტენტონის დანჯღრეული ვოლვო მაღაზიის წინ გაჩერდა. ქალს უწინდელზე გაფითრებული და ავადმყოფური სახე ჰქონდა, ხელში კვლავ „დოუსონზ ელის“ ექვსი ქილა ეჭირა, მაგრამ ამჯერად, ცარიელი. ნაბუხუსევზე იყო და საშინლად სტკიოდა თავი.
ვერანდაზე ჰენრი ედენი გამოვიდა. უკან ძაღლი მოჰყვებოდა.
- ძაღლი სახლში შეაგდე, თორემ გავბრუნდები და სახლში წავალ, - დაუძახა კიბესთან გაჩერებულმა ლაურამ.
- გაზებს ვერ იკავებს ლაურა.
- მერე, აუცილებელი კი არ არის მეც მასთან ერთად ვიყო მაგ დროს, - მიუგო ქალმა, - სახლში შეაგდე-მეთქი, ჰენრი. თავი მისკდება და სულ არ მეხუმრება.
- ტობი, შედი შიგნით, - კარი გააღო ჰენრიმ.
ძაღლი შევიდა და მოხუცმა კარი მიხურა. ლაურამ მოიცადა და ჰენრიმ ურდულიც რომ გადაკეტა, კიბეზე ავიდა.
- აბრა ჩამოვარდნილა, - მიმართა კაცს და ლუდის ცარიელი ქილები გაუწოდა .
- ვხედავ, კაცო, ბრმა კი არ ვარ, - მიუგო ჰენრიმ. მაინცდამაინც კარგ ხასიათზე არც ის იყო. რა გასაკვირია, გომბეშოების წვიმაში გამოძინება ადვილი საქმე ხომ არ არის! მადლობა ღმერთს, მხოლოდ შვიდ წელიწადში ერთხელ ჰქონდათ ეს ბედნიერება, თორემ ჭკუიდან გადავიდოდა კაცი.
- სახლში მაინც შეგეტანა აბრა, - განაგრძო ლაურამ.
ჰენრიმ გაუგებრად ჩაიბურდღუნა რაღაც.
- რაო?
- რა და უფრო უნდა მოგვენდომებინა, - გაცხარდა კაცი, - კარგი ხალხი ჩანდა. უფრო უნდა მოგვენდომებინა.
თავის ტკივილის მიუხედავად ქალს მოხუცი შეეცოდა და მხარზე ხელი დაადო.
- ეს რიტუალია!
- ზოგჯერ მართლა ვფიქრობ ხოლმე: ეშმაკსაც წაუღია ეს რიტუალი.
- ჰენრი! - ხელი უკან წაიღო უნებლიედ გაოგნებულმა ქალმა. მერე საკუთარ თავს შეახსენა, წლებთან ერთად ვბერდებით და ალბათ, ცოტას ვურევთ თანდათანო.
- არ მაინტერესებს, - დაიჟინა კაცმა, - მართლა კარგი წყვლი ჩანდა. შენც ხომ ასე თქვი და არ გაბედო ახლა უარის თქმა.
- კი, მართლა ვთქვი, - დაუდასტურა ლაურამ, - პირიქით. ვეცადეთ, დაგვეყოლიებინა და ქალაქიდან წასულიყვნენ. მაგრამ თავის ნათქვამზე დარჩნენ. არავინ გვიჯერებს. რჩევას არ ითვალისწინებენ. ესეც რიტუალის ნაწილია.
- ვიცი, - გაიმეორა ჰენრიმ. ჰაერი ჩაისუნთქა და დაიღრიჯა, - მეზიზღება ეს სუნი. მთელი ქალაქი გაფუჭებულ რძის სუნად ყარს.
- შუადღისას განიავდება, ხომ იცი.
- ხო. იმედია, მომავალ სეზონზე მიწაში ვიქნები, ლაურა. და თუ არა, ჩემი მოვალეობა აღარ იქნება წვიმის სეზონის წინ მოსული ტურისტები დახვედრა. მზად ვარ ყველაფრის საზღაური გადავიხადო, მაგრამ ამ გომბეშოებისგან იღლება კაცი.თუნდაც მხოლოდ შვიდ წელიწადში ერთხელ. ყელში ამოუვა კაცს ამდენი გომბეშო.
- ქალსაც, - ნაზად მიუგო ლაურამ.
- აბა,- ამოიოხრა და ირგვლივ მიმოიხედა, - მგონი დროა, ცოტა მოვაწესრიგოთ აქაურობა, ხომ მეთანხმები?
- რა თქმა უნდა. და იცი რა, ჰენრი? რიტუალს ჩვენ არ ვქმნით, ჩვენ მხოლოდ ვასრულებთ მას.
- ვიცი, მაგრამ...
- შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს. ვინ იცის, როდის ან რატომ, მაგრამ რა იცი, რა ხდება. იქნებ, ეს წვიმის ბოლო სეზონია, ან სულაც მომდევნო ჯერზე აღარავინ მოვიდეს...
- ნუ ამბობ მაგას, - შეაწყვეტინა შეშინებულმა მოხუცმა, - თუ არავინ მოვა, შეიძლება, გომბეშოები აღარ აორთქლდნენ მზის სხივებზე.
- აი, ხედავ, მეც მაგას გეუბნები.
- ცოტა არ არის, ხომ ასეა? - ამოიოხრა კაცმა, - შვიდი წელი ცოტა არ არის.
- დიახ, - კვლავ დაეთანხმა ქალი.
- საშინელებაა ასეთი სიკვდილია, - ხმა აუკანკალდა ჰენრი ედენს და ამჯერად ლაურას აღარაფერი უთქვამს.ცოტა ხანში, მოხუცმა სთხოვა, დამეხმარე, აბრა ჩამოვკიდოთ. საშინელი თავისტკივილის მიუხედავად, ლაურას უარი არ უთქვამს. არ უყვარდა, როცა ჰენრი ასე დათრგუნული ჩანდა, განსაკუთრებით, ისეთ რამეზე, რისი შეცვლაც ადამიანის ძალას აღემატებოდა.
- ჰოო, - თქვა კაცმა, - შვიდი წელი ცოტა არ არის.
ასეა, - გუნებაში დაეთანხმა ქალი, - მაგრამ ამჯერადაც ჩაივლის. წვიმის სეზონი კი ისევ მოვა, მასთან ერთად უცხოებიც მოვლენ, ორი ტურისტი, როგორც წესი, ქალი და კაცი. და ყოველთვის ვეუბნებით, რა მოხდება. მათ კი არ სჯერათ და მოსახდენი...ხდება.
- წავიდეთ, მოხუცო, - მიმართა ჰენრის, - ყავა მაინც დამალევინე, თორემ თავი გამისკდება.
და ვიდრე ყავას სვამდნენ, ქალაქში ჩაქუჩი და ხერხი ახმაურდა. მოხუცები ფანჯრიდან მთავარ ქუჩას გასცქეროდნენ, ხალხი დარაბებს აღებდა, საუბრობდა და იცინოდა.
მშრალ ჰაერში სითბო ტრიალებდა, მოწმენდილი ცა ცისფრად კამკამებდა. უილოუ წვიმის სეზონს ეთხოვებოდა.


თარგმნა მარი მარდალეიშვილის

წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+15
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7268
ევრო
3.2176
რუბლი
4.575
ლარი
1