ტოტალიტარული აზროვნების კავშირები
ეკატერინე კიკნაძე ქანდაკება კულტურა 2016-05-17 5488 ნახვა

ტოტალიტარული აზროვნების კავშირები, ანუ
სტილისტური გადაძახილი საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის

 საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია წლების მანძილზე ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ და რადიკალურად განსხვავებულ მოვლენებად განიხილებოდა, თუმცა ისტორიამ ნათლად აჩვენა, რომ მათ უფრო ბევრი რამ აკავშირებდათ ერთმანეთთან, ვიდრე აშორებდათ. ადოლფ ჰიტლერი წერდა: `მე ბევრი რამ ვისწავლე მარქსიზმისგან და არ მრცხვენია ამის აღიარება. მე შევისწავლე მათი მეთოდები და შემდეგ ისინი საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოვიყენე.


ერთი შეხედვით დაპირისპირებულ ბანაკებს მართლაც ბევრი ჰქონდათ საერთო. და ეს საერთოობამ ორ ქვეყანაში ხელოვნების მიმართ დამოკიდებულების მაგალითზე ნათლად ჩანს. ტოტალიტარული წყობის გავლენა ხელოვნებაზე თითქმის იდენტურია და ყოველთვის ანტიმხატვრული ნებისმიერი ისტორიული ტოტალიტარიზმის პირობებში. ხელოვნების მართვის მანქანა კი ნაცისტებსა და კომუნისტებს ერთნაირი ჰქონდათ ორივეგან ხელოვნების უმთავრეს დანიშნულებად იდეოლოგიური აგიტაცია პროპაგანდა მიიჩნეოდა.


ჯერ კიდევ 1918 წელს, ანუ, რევოლუციიდან სულ რაღაც ერთი წლის თავზე, ლენინმა ეგრეთ წოდებული `მონუმენტური პროპაგანდის გეგმა  დაწერა. ამასთანავე, ცნობილია ლენინის სიტყვები `ხელოვნების ყველა სფეროს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის კინო!. მნიშვნელოვნებაში პროლეტარიატის ბელადი კინოხელოვნების თავისთავად მხატვრულ ღირებულებას არ გულისხმობდა. კინო მისთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც იდეოლოგიური პროპაგანდის საუკეთესო საშუალება. ეს კარგად ჩანს მონუმენტური პროპაგანდის მის მიერ შემუშავებულ გეგმაშიც, სადაც მკაფიოდ განსაზღვრა დამოკიდებულება მონუმენტური ქანდაკების მიმართ: მონუმენტი არ განიხილება, როგორც ხელოვნების ნიმუში. ის, უპირველეს ყოვლისა, არის მასობრივი აზრის და შეგნების ფორმირების საშუალება.


მონუმენტების მთავარ `სახეებს~ რევოლუციის ბელადები და გმირები წარმოადგენენ და მათი ჰეროიკული ძეგლები ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა მდგარიყო. უდიდესი დატვირთვა პროპაგანდის თვალსაზრისით მშრომელების წარმოჩენასაც ჰქონდა, რომელნიც ისევ ლენინის სიტყვები რომ მოვიშველიოთ `ხელოვნებაში სულ თვალწინ უნდა გვყავდნენ, საბჭოთა ადამიანი სულ უნდა ხედავდეს მუშას და გლეხს.


ხელოვნებაზე იდეოლოგიური ცენზურის გამტარებელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაციის, საბჭოთა მხატვართა კავშირის დადგენილებაში, 1929 წელს, მკაფიოდ განისაზღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საბჭოთა ხელოვნება _ სახვითი ხელოვნების ერთადერთ დასაშვებ ფორმად ნატურალიზმამდე მისული რეალიზმი დადგინდა, ოდნავი გადახვევაც კი ამ მოთხოვნიდან ფორმალიზმად ითვლებოდა და მკაცრი კრიტიკით ან უფრო რადიკალური მეთოდით ისჯებოდა. მხატვრობისა და ქანდაკებისთვის მისაბაძად რუსული პერედვიჟნიკული მხატვრობა იქნა აღიარებული, ანუ, ზედმიწევნითი ნატურალიზმი, თუმცა ერთი ნიშნის გამოკლებით – პერედვიჟნიკების მხატვრობა შინაარსით კრიტიკული იყო, საბჭოთა ხელოვანს კი პირიქით, ბედნიერი, მხიარული ცხოვრება და გალაღებული საბჭოთა ადამიანი უნდა აესახა. ასე რომ, საბჭოთა მხატვარს იმთავითვე ჩამოერთვა ხელოვანის ერთ-ერთი მთავარი უფლება _ რეალობის ობიექტურად ასახვა. ის ტოტალიტარული წყობის ყალბი, ანტიჰუმანური იდეების შემლამაზებლად და აგიტატორად იქცა და თავის ხელოვნებით ტყუილის მსახურებისთვის აღმოჩნდა განწირული (ბუნებრივია, ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომელნიც ამგვარ პირობებშიც ახერხებდნენ ჭეშმარიტი ხელოვნების შექმნას, თუმცა მათი რიცხვი შედარებით მცირე იყო).


ნეოკლასიციზმის სახით მხოლოდ რეალისტური ფორმა იყო დასაშვები ნაცისტური ხელოვნებისთვისაც. თავის დროზე არშემდგარი მხატვრის და შემდგარი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერი აზრით `ყველა მხატვარს, რომელი ცას მწვანედ დახატავს, ხოლო ბალახს – ლურჯად, სტერილიზაცია უნდა გაუკეთო. 
შესაბამისად, ავანგარდულ ხელოვნებას ნაცისტური კრიტიკა ძალზე მარტივად `დეგენერატულს~ უწოდებდა და გერმანიაში არსებობას უკრძალავდა. ჰიტლერმა პირადად დაავალა სახვითი ხელოვნების სახელმწიფო პალატის ხელმძღვანელს, პროფესორ ადოლფ ციგლერს გერმანიის 100 – მდე მუზეუმი `გაეწმინდა~ `დეგენერატული~ ხელოვნების ნიმუშებისაგან. წმენდის შედეგად ამოღებულ 12890 ნამუშევარში სეზანის, ვან გოგის, გოგენის და სხვა დიდი მხატვრების სურათები მოჰყვა, ხოლო `დეგენერატული~ მხატვრობის საჩვენებელ გამოფენაზე, რომელიც III რეიხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო, რადგან თითქმის 3 მილიონმა დამთვალიერებელმა ნახა, გამოფენილი იყო მარკ შაგალის, ვასილი კანდინსკის, პიტ მონდრიანის, ელ ლისიცკის, ედვარდ მუნკის, ოტო დიქსის, მაქს ერნსტის და მსოფლიო ავანგარდის სხვა წამომადგენლების ნამუშევრები. გერმანიის 12 ქალაქის დამთვალიერებელს გამოფენა წარუდგინეს, როგორც ებრაულ-ბოლშევიკური, ანტიგერმანული და არიული რასისთვის საშიში ხელოვნება.


ნაცისტური ცენზურის მიერ `დეგენერატულად~ იყო მიჩნეული თანამედროვე მხატვრობის მიმდინარეობები და მხატვართა გაერთიანებები: იმპრესიონიზმი, დადაიზმი, კუბიზმი, სიურეალიზმი, ექსპრესიონიზმი, ასევე, შონბერგის მუსიკა, ლანგის ფილმები და ასე შემდეგ... სახალხო განათლებისა და პროპაგანდის მინისტრმა, ჰებელსმა მოწინავე საგაზეთო სტატიაში თანამედროვე მუსიკა შეაფასა როგორც `აბდაუბდა მუსიკის ნაცვლად~ (სხვათა შორის, იგივე სათაურით 1936 წელს გაზეთ `პრავდა~-ში შოსტაკოვიჩის ოპერის `კატერინა იზმაილოვას~ პრემიერის რეცენზია დაიბეჭდა). ასე რომ, საბჭოთა და ნაცისტური კრიტიკის აქცენტები და სულისკვეთება, საერთო მიდგომაში, იდენტურია.


როგორც ზემოთ ვახსენეთ, მონუმენტურ ქანდაკებას კომუნისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ქანდაკება უყვარდა ჰიტლერსაც. მას ხანდახან გამოსახავდნენ კიდეც მოქანდაკედ, რომელიც თიხისგან მშვენიერ `ახალ ადამიანს~ ძერწავს. მოკლედ, საბჭოეთშიც და გერმანიაშიც საჭეთმპყრობელებს მშვენივრად ესმოდათ, რომ მონუმენტური ქანდაკებების საშუალებით, რომელიც მხატვრობისგან განსხვავებით არა მუზეუმის კედლებშია მოქცეული, არამედ ქალაქის დიდ მოედნებზე, შენობების ფასადებზე, ბაღებსა და პარკებში დგას, ათასობით ადამიანს შეიძლება უთხრა სათქმელი. ქანდაკებას, თავის მასობრივი ხასიათით, ადამიანზე ზემოქმედების განსაკუთრებული უნარი გააჩნია, მშვენიერი იარაღია პროპაგანდისთვის და მას მხოლოდ შესაბამისი სახის მიცემა სჭირდება.


აქვე უნდა ითქვა, რომ როგორც საბჭოთა, ისე ნაცისტური გერმანიის ქანდაკების მონუმენტურობა მხოლოდ ძეგლის გიგანტური ზომით ამოიწურება. ფორმის თვალსაზრისით მონუმენტურობა მათ არ აქვთ და მაგალითია, რომ მონუმენტალიზმი სიდიდით ვერ იქმნება, მისი მიღწევა მხოლოდ შესაბამისი იდეისა და განზოგადებული ფორმის ერთიანობითაა შესაძლებელი. ამიტომ, ორივე იმპერია ჰიპერტროფირებული, ციკლოპური ზომის ქანდაკებებით მოიფინა. მათში არ არის პლასტიკის ელემენტიც კი და ფორმა თითქოს პირდაპირ პლაკატიდან გადატანილია. ისინი სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვის და გმირობის იდეით შეპყრობილ ადამიანებს და სახე_სიმბოლოებს ასახავენ. ხოლო მათ გრანდიოზულობას მნახველში პატრიოტული გრძნობები უნდა აღეძრა და ძალისა და იდეის ჭეშმარიტების განცდა გამოეწვია.


ამ მიზნისთვის არც ძალა და არც ფინანსები არ იზოგებოდა. ბელადები უშუალოდ მონაწილეობდნენ `ხელოვნების წარმოებაში~. ცნობილია, რომ ჰიტლერის ფავორიტი მოქანდაკის არნო ბრეკერის ორ ქანდაკებას ფიურერმა თავად დაარქვა სახელები ''პარტია'' და `არმია, მის მიერ გამოქანდაკებული ვაგნერი ჰიტლერის რეზიდენციაში იდგა, ხოლო 1937 წელს ბრეკერს `სახელმწიფო მოქანდაკის~ წოდება მიენიჭა. ეს იგივე იყო გერმანიაში, რაც `საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი~ კომუნისტებთან და ამ წოდებას ორივეგან ნაცისტური და კომინისტური იდეების დაუღალავი და ერთგული მსახურებისთვის ანიჭებდნენ.  



არც ის არის გასაკვირი, რომ სტალის ნანახი ჰქონდა არნო ბრეკერის ნამუშევრები, ძალიან მოსწონდა და საბჭოთა კავშირშიც სურდა მისი მოწვევა. საბჭოეთში, სადაც მუშაობდნენ ვერა მუხინა, ევგენი ვუჩეტიჩი, მათე მანიზერი და სხვები. ისინი კი ალბათ ჰიტლერს მოეწონებოდა. Oორივეს სამსახურში საუკეთესო მოქანდაკეები იდგნენ. არა ტოტალიტარული, არამედ თავისუფალი სივრცის პირობებში მათი ხელოვნება ალბათ სულ სხვაგვარად წარიმართებოდა.
ზოგად მიდგომაში მსგავსებასთან ერთად ამ ორი ქვეყნის ქანდაკებას სხვაობაც ჰქონდა. საბჭოთა ქანდაკება მკაცრად რეალისტურ-პერედვიჟნიკული იყო, ამ მხრივ არანაირი კომპრომისი არ დაიშვებოდა. არ კეთდებოდა არც შიშველი ნატურა. ცენზურა მკაცრად იდგა საბჭოთა ადამიანის მორალის სადარაჯოზე, ყველა ქანდაკება _ ბელადიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, შემოსილი იყო და სხეულის ფორმები სრულად ჰქონდა დაფარული.


გერმანული ქანდაკებისთვის კი შიშველი, ათლეტური სხეული მთავარი თემაა, თუმცა ეს სხეულები ყოველგვარ ეროტიკულობას მოკლებულნი არიან, ფორმა სრულიად ცივია და ხშირად უშინაარსოდ თეატრალური. მთავარი სათქმელი არიელი ზეადამიანის უძლიერესი, კუნთმაგარი სხეულის იდეალის გადმოცემაა. ცნობილია, რომ გერმანიის სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკურ აღზრდას უდიდესი დრო ეთმობოდა. ჰიტლერის აზრით `განათლების სისტემის არსი პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს არა მოსწავლეებისთვის გონებრივი ცოდნს მისაცემად, არამედ ჯანმრთელი სხეულის ჩამოსაყალიბებლად~. ჯანმრთელობას და ფიზიკურ კულტურას ნაცისტები `ნაციონალური იდეის~ განხორციელებად მიიჩნევდნენ. ეს საბრძოლო-პატრიოტული აღზრდის ნაწილი იყო. ამიტომაც ნაცისტური შიშველი მამაკაცების ქანდაკებები თითქმის უკლებლივ ატარებენ აგრესიულ – მილიტარისტულ ხასიათს. ამ თვალსაზრისით, ისინი განსხვავდებიან საბჭოთა თავსაფრიანი კოლმეურნეებისგან, ხმალამოღებული `დედა-სამშობლოს~ პათოსისგან ან ლენინის ქანდაკებისგან, რომელსაც ცალ ხელში ქუდი უჭირავს და აფრიალებული მოსასხამით მოაბიჯებს ხალხისკენ, მაგრამ არსობრივად..


არსობრივად ტოტალიტარული წყობის სამსახურში ჩაყენებული ხელოვნება ყოველთვის `ნატანჯია~, ყალბი და შინაგანად საზარლად ცარიელი. მაგალითები ისტორიულად უფრო ძველ რეჟიმებშიც არის, მაგრამ XX საუკუნის ამ ორი უდიდესი ტირანიის ასახვა ქვაში, ბრინჯაოში, მარმარილოში, საღებავში თუ მუსიკაში, საკმარისად აჩვენებს ტოტალიტარული აზროვნების ერთგვაროვნებას, სტილისტური გადაძახილს საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას, ორ იმპერიას შორის, სადაც ადამიანი, რიგითი მოქალაქე იქნება ის, თუ ხელოვანი, არა ადამიანია, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იარაღი დიქტატორის თავში დაბადებული თამაშებისთვის.


''სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი'' – 2009 წელი

 სტატიის ავტორი: ეკატერინე კიკნაძე

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21218-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+31
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 95
31º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1