ჯანმრთელი დაბერება – „საქართველოს კარიტასი“ მსოფლიო კამპანიას უერთდება
საინტერესო ამბები 2019-04-04 1483 ნახვა

„საქართველოს კარიტასი" უერთდება გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კამპანიას „ჯანმრთელი დაბერება" და მის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს.

კამპანიის მიზანი ჯანმრთელი სიბერის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის განმავლობაში, „საქართველოს კარიტასი" შეეცდება მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ, რომელიც სიბერეს თან სდევს და მისცეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება დავძლიოთ ისინი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჯანსაღ დაბერებას განსაზღვრავს როგორც პროცესს, რომლიც ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ფუნქციონირების შენარჩუნებაში, რათა ხანდაზმულ ასაკში ის ფიზიკურად მხნე და სოციალურად აქტიური დარჩეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას საკითხთან დაკავშირებით შემუშავებული აქვს რეკომენდაციები და მსოფლიოში ჯანსაღი სიბერის პროპაგანდას აქტიურად ეწევა.

 

ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ხანდაზმულ ასაკშიც იცხოვროს აქტიური ცხოვრებით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ფიზიკურად აქტიურ ხანდაზმულებს სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე ფიზიკურად პასიურ ხანდაზმულებს.ხოლო დაავადებები, რომლებიც შესაძლოა, ასაკში განვითარდეს, სათანადო ყურადღების მიქცევის შემთხვევაში, არ უშლის ხელს ჯანსაღი დაბერების კონცეფციას. კონცეფცია ჯანსაღი სიბერის შესახებ გულისხმობს ისეთი პირობების და შესაძლებლობების შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს პიროვნებას მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკავდეს მისთვის ფასეული საქმიანობით.

ჯანსაღი დაბერება ნიშნავს მდგომარეობის გაუმჯობესებას და ორგანიზმის შესაძლებლობების ოპტიმიზირებას, რომელიც ხელს შეუწყობს ხანდაზმული ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე სოციალურ აქტიურობას, რაც თავის მხრივ, დაეხმარება მას, დისკრიმინაციის გარეშე დარჩეს საზოგადოების აქტიურ წევრად, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და ცხოვრების მაღალი ხარისხი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ხანდაზმულ ასაკში როგორც ფიზიკურ, ასევე, ემოციურ ცვლილებებთან შეგუება და გაცნობიერებაა. ხანდაზმულ ასაკში უფრო ხშირად კარგავენ საყვარელ ადამიანებს, დამოუკიდებლობას, სოციალურ სტატუსს. დანაკარგების შეგუება და ფიზიკური და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება შესაძლებელია ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვით, ფიზიკური აქტივობით, ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული ტკივილის მართვით, ძილის რეჟიმის მოწესრიგებით, იმუნური სისტემის მოწესრიგებით.

ჯანმრთელი სიბერის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გონების ვარჯიში, რადგან სხეულთან ერთად ტვინიც მუდმივად საჭიროებს აქტიურ რეჟიმში ყოფნას. კროსვორდები, ფაზლები, გონების თამაშები, ახალი ენის შესწავლა მნიშვნელოვანად ეხმარება გონებას უნარების შენარჩუნებაში. პოზიტიური აზროვნება და ცვლილებებთან შეგუება, ახალი მიზნების დასახვა ასევე მნიშვნელოვნად ეხმარება ხანდაზმულებს ჰქონდეთ აქტიური და ნაყოფიერი ცხოვრება. რაც ყველაზე მთავარია, ხანდაზმულებმა საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას ყურადღება მუდმივად უნდა მიაქციონ და დროულად მიმართონ ექიმს. ამ და სხვა საჭირო რეკომენდაციებსა და ინფორმაციას „საქართველოს კარიტასი" მოსახლეობას სპეციალისტების დახმარებით მიაწვდის.

წლის განმავლობაში დაიგეგმება არა ერთი აქტივობა, რომელშიც კარიტასის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას გერონტოლოგები მიიღებენ და მოსახლეობას საჭირო და ღირებულ ინფორმაციას მიაწვდიან მედიის საშუალებით.

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20582-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+30
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
30º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7664
ევრო
3.0995
რუბლი
4.3046
ლარი
1