ჯაშუშებისა და ივანიშვილის საქმე №...
ლევან ქართველიშვილი პოლიტიკა 2015-12-16 1601 ნახვა

ე.წ. პოლიტპატიმართა სიასთან დაკავშირებით ხმაური არ წყდება. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი რომ მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ნარკორეალიზატორები და რეციდივისტები ე.წ პოლიტპატიმართა სიაში დიდძალი ფულის აღების სანაცვლოდ ჩასვეს.

მიუხედავად იმისა რომ შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები ღიად არ ასახელებენ იმ პირებს, ვინც მათზე ზოწოლას ახდენდნენ, რითაც საზოგადოების უპატივცემულობას გამოხატავენ, სავარაუდოდ, ე.წ პოლიტპატიმართა სიაში კრიმინალების ჩასმის ინიციატორად, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მოიაზრებიან.   

თუმცა, ნარკორეალიზატორებისა და რეციდივისტების გარდა, ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში მოხვდნენ რუსეთის ჯაშუშებიც.

ბესელია-კობახიძის გარდა, ე.წ. პოლიტპატიმართა სიას, მხარდაჭერა პარლამენტის უმრავლესობის დიდმა უმრავლესობამაც გამოუცხადა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თავდაცვის დღევანდელმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა, უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ და სხვებმა...

გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ იმ პირთა ვინაობა, ვინც მაშინ, ნარკორეალიზატორებისა და რეციდივისტების გვერდით, ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში, ხელისუფლების პირველი პირების თანხმობითა და პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერით მოხვდნენ.

1. იური შკრილნიკოვი - რუსეთის მოქალაქე. საქართველოს სასამართლოებმა 14 წელი შპიონაჟისთვის მიუსაჯეს. განაჩენის მიხედვით, ის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის - გრუ-ს- ქსელის კოორდინაციას ახდენდა.

2. არმენ გევორქიანი - აგრეთვე რუსეთის მოქალაქე. სასამართლომ მას 11 წელი მიუსაჯა. განაჩენის მიხედვით, გევორქიანი გრუ-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა.

3. რუბენ შიკოიანი - კვლავ რუსეთის მოქალაქე. საქართველოს ციხეებში 11 წლიან სასჯელს იხდიდა. განაჩენის მიხედვით, ის გრუ-ს აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო კონტრაქტების თაობაზე.

4. რუსლან გალოგრე - საქართველოს მოქალაქე. მისჯილი ჰქონდა 14 წელი. განაჩენის მიხედვით, გრუ-ს დავალებით ახორციელებდა საქართველოს სხვადასხვა მოქალაქის თვალთვალს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.

5. ედუარდ აბდულაევი - საქართველოს მოქალაქე. განაჩენის მიხედვით, გრუ-ს აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო საშუალებების შესახებ.

იმაზე, რომ დღეს რუსეთის ჯაშუშობისა და შპიონაჟის ბრალდებით გასამართლებული ეს პირები ე.წ. პოლიტპატიმართა სტატუსით გათავისუფლდნენ, პასუხისმგებელია არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა, მისი ყველა ოდიოზური ფიგურით, არამედ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ამგვარად დაუდასტურა ოკუპანტს ლოიალობა.

ცხადია, არსებობს ეჭვი რომ პროკურატურაში დაწყებული გამოძიება, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, თავისი ლოგიკური შედეგით არ დასრულდება.

თუმცა,  გამორიცხული არაა რომ ადრე თუ გვიან, მაგალითად, მაინც „წვრილფეხა“ ბესელია-კობახიძის გარდა, რუსეთის აგენტების პოლიტპატიმართა სტატუსით გათავისუფლების გამო, პასუხი აგონ ხელისუფლების პირველმა პირებმა, მათი „ჩრდილოვანი დირექტორის" ჩათვლით.

 


წყარო: პრესა.ჯი

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21218-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+31
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 95
31º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1