„სონატა“ მხოლოდ ჩინეთისთვის
სალო ავტო 2017-02-02 2685 ნახვა

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ბაზარზე გაყიდვებს ზრდის, „ჰიუნდაის“ იქაური ბაზრის წილი მაინც შეუმცირდა. თუმცა, კორეული კომპანია ამასთან შეგუებას არ აპირებს და ცისქვეშეთისთვის, თავის პოპულარულ საშუალო ზომის სედან „სონატას“ მომცრო, გამარტივებულ და შესაბამისად, გაიაფებულ ვარიანტს ამზადებს. წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია სააგენტო როიტერსს მიაწოდა, ახალ ავტომობილს „სონატა-ლაიტად“ მოიხსენიებს.

სხვათა შორის, ჩინური ბაზრისთვის ერთი ტენდენცია ჩამოყალიბდა - უცხოური კომპანიები მისთვის ტავიანითი სერიული მოდელების დაგრძელებულ ვერსიებს აწარმოებენ. „ჰიუნდაი“ კი პირიქით იქცევა, თუმცა ამას მარკეტინგული გამოკვლევები უკარნახებს. მთავარი ისაა, რომ თავისი კლასისთვის ისედაც იაფი ავტომობილი, ჩინელებს კიდევ უფრო იაფად შესთავაზონ. ოღონდ ისე, რომ ამით სალონის კომფორტულობა არ დაზარალდება.

ჩინეთში მოსახლეობის შემოსავლის ზრდასთან ერთად, მათი მყიდველუნარიანობაც იზრდება. მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა ვერ ახერხებს დაბალფასიანის ავტომობილების (რომლებიც 15 000 დოლარამდე ღირს) შემდეგ, „სონატას“ (ფოტოზე) შეძენას, ავტომობილისა, რომლის ფასიც, 26 000-39 000 (ზედა ზღვარი ტოპ ვერსიის შემთხვევაში) დოლარს აღწევს.

ახალი ავტომობილით, „ჰიუნდაი“ ეცდება შექმნას ახალი სეგმენტი, რომელიც უფრო მაღალი კლასის ავტომობილის შეგრძნებას დაგიტოვებთ, თუმცა ზომებით, აღჭურვილობით და სიმარტივით კომპაქტური ავტომობილი იქნება. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კორეულ კომპანიას ასეთი ავტომობილი უკვე შემუშავებული აქვს. ის ნულიდან შეიქმნა და მისთვის ტექნოლოგიებიც ან ხელახლა დაამუშავეს, ან არსებული გაამარტივეს. ამასთან, ამ ავტომობილის სხვა ბაზრებზე გატანა ჯერ არ იგეგმება.

„ჰიუნდაის“ პრეს მდივანი ფრენკ არენსი ადასტურებს, რომ მისი კომპანია აპირებს ახალი ავტომობილის წარმოებას, რომელიც „ჰიუნდაის“ გამაში, „სონატას“ და „ელანტრას“ შორის ნიშას შეავსებს. თუმცა, მან დეტალებზე საუბრისგან თავი ეშეიკავა. სამაგიეროდ, ამ საინფორმაციო ვაკუუმს ნაწილობრივ ავსებს კორეული კომპანიის მთავარი ფინანსური მოხელე ლი ვონ-ჰი, ვინც განაცხადა, რომ „ჰიუნდაი“ პეკინში ახალ, მესამე ჩინურ ქარხანას ამზადებს, რომელიც სრულიად ახალ ავტომობილს გამოუშვებს. ავტომობილს, რომელიც „სონატას“ და „ელანტრას“ საშუალო ვარიანტი იქნება. ამასთან დასძენს, რომ ეს ახალი სეგმენტი ძალიან სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას.

ჯერჯერობით განსაზღვრული არაა ახალი ავტომობილის ფასი. სამაგიეროდ, არსებობს იმის ვარაუდი, რომ ავტომობილი 1.8-ლიტრიანი ატმოსფერული და 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავებით აღიჭურვება. წყაროს ინფორმაციით, ამ ძრავებს „ჰიუნდაი“ კომპაქტურ ავტომობილებზე იყენებს. და საერთოდაც, ახალ ავტომობილს უფრო მეტი საერთო „ელანტრასთან“ ექნება.

სხვათა შორის, მსგავსი სტრატეგია უკვე არჩეული აქვს „ნისანს“, რომელმაც პოპულარული „ტიიდას“ ბაზაზე, უფრო მოზრდილი მოდელი „სილფი“ შეიმუშავა. ახალი დაახლოებით 18 000 დოლარის ფარგლებში ეღირება და იაპონური კომპანია იმედვნებს, რომ წლიურად მას 200 000 ცალს გაჰყიდის. როიტერსის ინფორმატორები ირწმუნებიან, რომ „ჰიუნდაის“ ახალი ავტომობილი სწორედ „სილფის“ გაუწევს კონკურენციას და შესაბამისად, მისი წარმოების მოცულობაც დაახლოებით იმდენივე იქნება.

ჩინურ ბაზარზე წილის შემცირების მიუხედავად, გაყიდული ავტომობილების რიცხვით, „ჰიუნდაის“ (როგორც ცალკე აღებულ მარკებს შორის და არა კომპანიებს შორის) იქ მეოთხე ადგილი უკავია. მასზე წინ არიან „ფოლკსვაგენი“, „ნისანი“ და „ტოიოტა“. უკან კი „შევროლეა“.

 

 


წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+15
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7268
ევრო
3.2176
რუბლი
4.575
ლარი
1